შესავალი
2017 წლის 16 მაისს საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დამტკიცდა „საქართველოს ღია პარლამენტის 2017 - 2018 წლების სამოქმედო გეგმა“. სამოქმედო გეგმა შეიმუშავა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის აქტიური ჩართულობით. გეგმით გათვალსიწინებული ვალდებულებები შეესაბამება „ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ძირითად პრინციპებს. ეს პრინციპებია: ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეთა ჩართულობა, ანგარიშვალდებულება, ტექნოლოგიები და ინოვაცია.
მნიშვნელოვან და ამბიციურ ინიციატივებს შეიცავდა ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც 2016 წლის 17 ივლისისი ბიუროს სხდომაზე დამტკიცდა. მიუხედავად პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოების წევრებების აქტიური თანამშრომლობისა, პირველი სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში არსებობდა მნიშვნელოვანი ხარვეზები გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესთან მიმართებაში.
საბოლოოდ, პირველი სამოქმედო გეგმის 18 ვალდებულებიდან სრულად შესრულდა მხოლოდ 51, ხოლო ნაწილობრივ 9 ვალდებულება. შეუსრულებელ ვალდებულებათა შორის იყო სამოქმედო გეგმის რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორის:
საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის შემუშავება
განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესება
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესს აკვირდებოდა, რომლის ფარგლებშიც ორჯერ იქნა წარმოდგენილი პროცესის შეფასების დოკუმენტი.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ წარდგენილი ინიციატივები
პირველი სამოქმედო გეგმის მოქმედების დასრულების შემდეგ ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და მასთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა განაახლა მომდევნო სამოქმედო გეგმაზე მუშაობა. თავდაპირველად სხდომაზე მიმდინარეობდა მსჯელობა წინა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების ახალ გეგმაში გათალისწინების მიზანშეწონილობის თაობაზე.
გეგმაზე მუშაობის პროცესში საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ საბჭოს შეთავაზა შვიდი ახალი ინიციატივა:
სრულად გაზიარებულია 3 რეკომენდაცია:
პარლამენტის ვებგვერდზე უნდა განთავსდეს ინფორმაცია პარლამენტის თითოეული წევრის მივლინების მიზნის/სამუშაო პროგრამის და ხარჯების შესახებ, მათ შორის პარლამენტისა და სხვა ორგანიზაციების თანამონაწილოებით გაწეული ხარჯების მითითებით
პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები საჯარო სკოლებში, უნივერსიტეტებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში რეგულარულად ატარებდნენ ლექციებსა და პრეზენტაციებს საპარლამენტო საქმიანობის შესახებ.
ნაწილობრივ გაზიარებულია 1 რეკომენდაცია:
პარლამენტის რეგლამენტით უნდა განისაზღვროს საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული ანგარიშის განხილვის პროცედურა და რეაგირების ეფექტიანი მექანიზმები. საკომიტეტო მოსმენებსა და პლენარულ სხდომებზე უნდა განიხილებოდეს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული ანგარიშები, რომლის წარდგენაც ხდება საჯარო დაწესებულებების მიერ ყოველი წლის დეკემბერს, უნდა შეიქმნას და ამოქმედდეს შესაბამისი რეაგირების ეფექტიანი მექანიზმი. საბჭოს გადაწყვეტილებით, საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული კონსოლიდირებული ანგარიშების განხილვა მოხდება კომიტეტის სხდომაზე.
არ იქნა გაზიარებული 3 რეკომენდაცია:
პარლამენტის ვებგვერდზე სხდომების დასრულებიდან 1 სამუშაო დღეში უნდა გამოქვეყნდეს საკომიტეტო განხილვების სტენოგრაფიული ჩანაწერები
უნდა შეიქმნას პლენარული და კომიტეტის სხდომების თემატურად დაყოფილი ვიდეო - აუდიო არქივი
უნდა დაინერგოს საინფორმაციო ბიულეტენის სერვისი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება საკანონმდებლო ორგანოდან ელექტრონული ფოსტის/მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით შეტყობინებების გაგზავნა სიახლეების, კანონების და განახლებული ინფორმაციის შესახებ.
2017-2018 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელსაც ასევე ითვალისწინებდა პირველი სამოქმედო გეგმა
განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესება: შეიცვალა ვალდებულების განხორციელების ეტაპები და შესაბამისი ინტიკატორები, კერძოდ: ბიუროს გადაწყვეტილების ნაცვლად გეგმაში აისახა რეგლამენტსა და ნორმატიული აქტების შესახებ შესაბამისი ცვლილებების შეტანის ვალდებულება
დღის წესრიგში ცვლილების შეტანის დასაბუთება: დაიხვეწა ვალდებულების შესრულების ეტაპი და დაემატა შესაბამისი ინდიკატორები. კერძოდ, შესრულების ეტაპად განისაზღვრა რეგლამენტში შესატანი ცვლილების მომზადება და მიღება, ხოლო ინდიკატორებია: 1. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში ცვლილების შეტანა ხდება სათანადო დასაბუთების არსებობისას 2. გაუმჯობესდა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის რეგულირება.
2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით გათვალსწინებული ვალდებულებები და ინიციატორები
საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის მიერ გაიმართა სამი შეხვედრა. საბოლოოდ, 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმაში განისაზღვრა 28 ვალდებულება, მათ შორის მოიცავს 16 ვალდებულებას, რომლებიც 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმით იყო გათვალისწინებული და ნაწილობრივ, ან საერთოდ არ შესრულებულა. ის ვალდებულებებები, რომელიც არ შესრულებულა 2015-2016 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, აისახა 2017-2018 სამოქმედო გეგმაში, ზოგიერთ შემთხვევაში მოხდა მათი ცვლილება და დაემატა სხვა ასპექტებიც. მაგალითად, სადეპუტატო კითხვებთან მიმართებაში შეუსრულებელი ვალდებულება გულისხმობდა სადეპუტატო კითხვების სტატისტიკის ვებ გვერდზე გამოქვეყნებას, 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ასევე გამოქვეყნდება კომიტეტების მიერ გაგზავნილი კითხვების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია. ასევე, შესრულებულ ვალდებულებას წარმოადგენდა ფიზიკური დასწრების უზრუნველყოფის შესახებ ვალდებულებაც, თუმცა აღნიშნული მოდიფიცირებული სახით (თავდაპირველი მიზნის გათვალსიწინებით) კვლავ განისაზღვრა 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით, კერძოდ, პარლამენტმა დასწრების შესახებ წესები თვალსაჩინო ადგილასა და მარტივი ფორმით, ხოლო კომიტეტის სხდომის შემთხვევაში აპარატის საკონტაქტო პირის ინფორმაცია უნდა განათავსოს, რათა დაინტერესებულ პირს შეეძლოს მასთან კომუნიკაციით (საშვის მიღების პროცედურაში დახმარების გაწევა) სასურველ სხდომაზე დასწრება.
გთავაზობთ 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ვალდებულების მიმოხილვას, რომლის დროული შესრულებაც სრულყოფს და გააუმჯობესებს პარლამენტის საქმიანობას:
მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა
პეტიციის წარდგენის ელექტრონული სისტემის დანერგვა (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI))
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი NDI))
საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენის და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმის დანერგვა პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI)
კანონშემოქმედებით პროცესში საჯარო კონსულტაციის ჩატარების წესისა და ფორმების შემუშავება და მიღება (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI)
სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის პარლამენტის შენობის ადაპტირება და პარლამენტის მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული სერვისების ხელმისაწვდომობა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), გაეროს განვითარების პროგრამა UNDP)
ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება (საქართველოს პარლამენტი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო TI)
პარლამენტის შენობაში მოქალაქეთა შესვლის პროცედურებს გამარტივება (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო TI)
„საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის“ შემუშავება და მიღება (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი CSI)
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
პარლამენტის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის გაფართოება2 (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო TI, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI, გაეროს განვითარების პროგრამა UNDP, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA)
კანონპროექტის განხილვისას, პირველად ტექსტში შეტანილი ცვლილებების ხილვად ფორმატში ასახვა და მათი დროული გამოქვეყნება პარლამენტის ვებგვერდზე (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA)
მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება პარლამენტის ვებ-გვერდზე (საქართველოს პარლამენტი)
საქართველოს პარლამენტის მიერ ანგარიშის მოსმენისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ასარჩევი პირების საკომიტეტო მოსმენის თაობაზე ინფორმაციის ვებგვერდზე დროულად განთავსება, შესაბამისი კომიტეტის სხდომის ვიდეო ოქმის მომზადება და გამოქვეყნება (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA)
პარლამენტის კომიტეტების მიერ ერთი ან ორ წლიანი სამოქმედო გეგმების მომზადება და გასაჯაროება ყოველი წლის დასაწყისში (გაეროს განვითარების პროგრამა UNDP)
პარლამენტის ანგარიშვალდებულება
საქართველოს პარლამენტის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიური შეხვედრის ინსტიტუციონალიზაცია (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი CSI)
პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის შემუშავება და ელექტრონულად განთავსება (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ)
საქართველოს პარლამენტის თვითშეფასების ინსტრუმენტის დანერგვა (საქართველოს პარლამენტი)
პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობა
საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA)
საჯარო ინფორმაციის ანგარიშების (ე.წ. „10 დეკემბრის ანგარიშების“) მონიტორინგის სისტემის შემუშავება (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის შემუშავება (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)
განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესება (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის დასაბუთების ვალდებულების განსაზღვრა და კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის რეგულირების დახვეწა (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
მთავრობის მიერ ღია და გამჭვირვალე მმართველობა საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობა/მონიტორინგი (საქართველოს პარლამენტი)
ტექნოლოგიები და ინოვაცია
კენჭისყრის შედეგების მონაცემთა ბაზის სრულყოფა (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და ჯამპსტარტ ჯორჯია)
საჯარო ინფორმაციის მოდულის შექმნა და პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე წვდომის გამარტივება (მათ შორის დოკუმენტების ადვილად დასამუშავებელ ფორმატში განთავსება (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI)
პარლამენტის ვებგვერდის რესტრუქტურიზაცია (საქართველოს პარლამენტის აპარატი)
----------------------------------
1. 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმით გათვალსიწინებული შესრულებული ვალდებულებებია: 1.4 ფიზიკური დასწრების უზრუნველყოფა; 1.6 საზოგადოებრივი განათლებისა და ცნობიერების ამაღლება საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე, მის როლსა და მისიაზე; პარლამენტის ინსტიტუციონალური იმიჯისა და როლის გაძლიერება; 2.1 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საპარლამენტო ინფორმაციაზე წვდომის გამარტივება; 4.1 ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნა; 4.2 საქართველოს პარლამენტის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზება
2. პარლამენტის ვებ გვერდზე უნდა განთავსდეს ინფორმაცია: 1. პარლამენტის თითოეული წევრის მივლინების მიზნის/სამუშაო პროგრამის და ხარჯების შესახებ, მათ შორის პარლამენტისა და სხვა ორგანიზაციების თანამშრომლობით გაწეული ხარჯების მითითებით; 2. სადეპუტატო და საკომიტეტო კითხვებთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაცია; 3. პლენარული და კომიტეტის სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენების შესახებ; 4.კანონპროექტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის, საჯარო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარლამენტში წარდგენილი ან პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტებისა თუ დეპარტამენტების მიერ მომზადებული დასკვნები, წინადადებები და მოსაზრებები. უნდა მოხდეს: 5. პარლამენტის საქმიანობის შესახებ ყოველწლიური სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება; 6. საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ მიღებული საჩუქრების რეესტრის შექმნა და გამოქვეყნება).
აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით