საქართველოს პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა: მიღწევები და გამოწვევები (2015-2020)
08 დეკემბერი 2020
“საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” კვლევაში შეფასებულია საქართველოს პარლამენტის მიღწევები და გამოწვევები ღიაობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით ღია პარლამენტის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის დღიდან დღემდე (30 აპრილი, 2015 - 31 ოქტომბერი, 2020).
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გამჭვირვალობის გაუმჯობესებისათვის, კვლავ რჩება არაერთი გამოწვევა, რაც უკავშირდება საპარლამენტო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, მოქალაქეთა ჩართულობასა და პარლამენტის საქმიანობის ღიაობას.
2015 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა ხელი მოაწერა „დეკლარაციას ღია პარლამენტის შესახებ“ და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. 2015 წლის დეკემბერში საპარლამენტო გამჭვირვალობის, სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭო. საპარლამენტო საბჭოს დასახული მიზნების მხარდასაჭერად შეიქმნა მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. მისი დაარსებიდან დღემდე საპარლამენტო საბჭოს და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფს შემუშავებული აქვს 3 სამოქმედო გეგმა.
2015 წლიდან საპარლამენტო ინფორმაციის გამჭვირვალობა და ღიაობის ხარისხი გაუმჯობესდა შემდეგი მიმართულებებით:
საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა და მიიღო ეთიკის კოდექსი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შემუშავდა გეგმა და განხორციელდა პარლამენტის თბილისის შენობის ადაპტირება, უსინათლო და მცირემხედველთათვის შეიქმნა პარლამენტის ვებგვერდის ადაპტირებული ვერსია;
მნიშვნელოვნად გაფართოვდა პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა;
პარლამენტის ვებგვერდზე კანონპროექტის განხილვისას პირველად ტექსტში შეტანილი ცვლილებები ხილვად ფორმატში ქვეყნდება, ასევე პარლამენტის ვებგვერზე ქვეყნდება პლენარული სხდომების აუდიო ჩანაწერები.
წინგადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მოქალაქეებს დღემდე ექმნებათ დაბრკოლებები, როგორც ჩართულობის, ისე საპარლამენტო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით:
საანგარიშო პერიოდში პარლამენტის თბილისის შენობაში შესვლის უფლება არაერთხელ შეეზღუდათ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრებს, ჟურნალისტებს და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს;
პარლამენტის მიერ ეთიკის კოდექსის მიღების მიუხედავად, ეთიკის საბჭო ამ დრომდე ყველა წევრით არ დაკომპლექტებულა. შესაბამისად, საბჭო ვერ განიხილავს საჩივრებს დეპუტატების მიერ ეთიკური კოდექსის ნორმების სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით. ამდენად ფორმალურად ეთიკის კოდექსი არსებობს, თუმცა მისი განხორციელება პრაქტიკაში არ ხდება;
საქართველოს პარლამენტი ხშირად აფერხებს საჯარო ინფორმაციის მოწოდებას, არის შემთხვევები, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაგზავნილი ინფორმაცია არ არის დროული და სრული.
ძირითადი რეკომენდაციები:
პარლამენტში დროულად და სრულად დაკომპლექტდეს ეთიკის საბჭო, რათა დამტკიცებულ ეთიკის კოდექსსა და მასში გათვალისწინებულ სანქციებს მიეცეთ ქმედითი ხასიათი და რეალიზების საშუალება;
ეთიკის კოდექსის არსებით ხარვეზს წარმოადგენს დარღვევის შემთხვევაში რეაგირების ეფექტური მექანიზმების არ არსებობა. ეთიკური ნორმის დარღვევის შემთხვევაში, ეთიკის საბჭო ეთიკის კოდექსის დამრღვევ დეპუტატს მხოლოდ სარეკომენდაციო წერილით მიმართავს;
საქართველოს პარლამენტმა უნდა გაამარტივოს შენობაში მოქალაქეთა შესვლის პროცედურა, მოქალაქეებს საშვის გარეშე, უსაფრთხოების შემოწმების გავლით უნდა შეეძლოთ პარლამენტის შენობაში მოხვედრა.