მიმდინარეობს საიტის განახლება.

საქართველოს პარლამენტსა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

04 ივნისი 2013

საქართველოს პარლამენტმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა მოაწერეს. მემორანდუმი მიზნად ისახავს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის გამჭვირვალობის ხელშეწყობასა და გაძლიერებას. აღნიშნული მემორანდუმი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროექტის - „პარლამენტის საქმიანობის მხარდაჭერისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროგრამა: ჩემი პარლამენტი“ ფარგლებში გაფორმდა. 

„საქართველოს პარლამენტის მიზანია, ქვეყანაში დამკვიდრდეს გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული დემოკრატია, ისეთი სისტემა, როცა ყველა გადაწყვეტილება კარგად არის გააზრებული და რომელშიც ქვეყნის მოსახლეობა მონაწილეობს. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთანაც ჩვენ დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ, საჯარო დაწესებულებებსა და მოსახლეობას გვეხმარება, უკეთ ვიყოთ ინფორმირებული ერთმანეთის მოსაზრებების თაობაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. იგი იმედოვნებს, რომ თანამშრომლობა ბევრი სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით წარიმართება.  როგორც მემორანდუმის გაფორმებისას აღინიშნა, პროექტის ფარგლებში "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" საპარლამენტო მონიტორინგისთვის შექმნა ვებ-გვერდი - www.chemiparlamenti.ge.

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით