1. ბიუროზე დარეგისტრირდა სამთავრობო პროგრამა, შესაბამისად წარმოდგენილია ნდობის გამოცხადებისთვის მთავრობის შემადგენლობა. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა მინისტრის თანამდებობაზე – გიორგი ჩერქეზიშვილი, ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა.
იხ. https://info.parliament.ge/#law-drafting/16003
2. ბიუროზე დარეგისტრირდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა საარჩევნო კოდექსსა და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე
- საარჩევნო კოდექსის სრული ტექსტიდან ხდება მაჟორიტარი პარლამენტის წევრების (მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით) და საარჩევნო ბლოკების (როგორც პარლამენტის ისე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით) მარეგულირებელი ყველა ნორმის ამოღება/მოდიფიცირება. შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ პოლიტიკური პარტიები;
- პარლამენტის არჩევნებს დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ მინისტრის თანახელმოწერის გარეშე
- იარსებებს ერთიანი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი (რაც იწვევს იმ ნორმების გაუქმებას, რომელიც განსაზღვრავდა მაჟორიტარული ოლქების შექმნას საპარლამენტო არჩევნებისთვის);
- პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არჩევნების დანიშვნის დროისათვის
ინიციატივა იხ.აქ :https://info.parliament.ge/#law-drafting/15922
3. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ინიციატივა გულისხმობს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისაგან განსხვავებულად დარეგულირებას, კერძოდ:
- ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით დამატებითი სარგებლის ოდენობის განსაზღვრის უფლებამოსილება ენიჭება
- მხოლოდ ეროვნული ბანკი იქნება უფლებამოსილი: დაამტკიცოს ეროვნული ბანკის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა; განსაზღვროს ეროვნულ ბანკში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება და ასევე ნებისმიერი სხვა სახის დამატებითი სარგებლის ოდენობა; ეროვნულ ბანკში პირის დასაქმებისათვის დაადგინოს ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები; ეროვნულ ბანკში დასანიშნად შეარჩიოს და დანიშნოს პირი; დააწინაუროს, გადაიყვანოს და გაათავისუფლოს; განსაზღვროს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა მივლინებით გაგზავნის, მათი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა, საჯარო სამსახურში არსებული ნორმების ფარგლებში; განსაზღვროს ეროვნულ ბანკში ეთიკის და ქცევის ზოგადი წესები. ასევე ეროვნულ ბანკში პირის დასაქმებისათვის კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ეროვნულ ბანკში დასაქმებულის დაწინაურების, პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების, პრემირების, გადაყვანის და შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლების წესი
ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15953
4.ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა საავტომობილო გზების შესახებ და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
- იცვლება გადაზიდვების დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების საგაბარიტო პარამეტრებთან დაკავშირებული წესები
- ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას
ინიციატივა იხ. აქ:https://info.parliament.ge/#law-drafting/15952
5. ბიუროზე დარეგისტრირდა მთავრობის ინიციატივა ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
- მოქმედი კანონმდებლობით საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების ნებართვების მისაღებად განმცხადებლის მიერ წარმოსადგენ დოკუმენტაციას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, რაც ინიციატორის მითითებით წარმოადგენს დამატებით ბარიერს, ამიტომ ცვლილებების პროექტით ამონაწერის წარდგენის ვალდებულება უქმდება
ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15954